ტურიზმი ვენეციაში

რა გამოცდილების გათვალისწინება შეუძლია საქართველოს

იტალიაში ტურიზმი ყვავის, ეს ქვეყანა მსოფლიოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით მეოთხე ადგილს იკავებს. ტურიზმი იტალიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს შეადგენს. იტალიური ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია ვენეცია – ქალაქი კუნძული, რომელშიც მოგზაურობა ფრანგული ფილმების მილიარდერი გმირებისთვისაც კი პრესტიჟულია. მიუხედავად უსაზღვრო ცნობადობისა და ტურისტული პოპულარობისა ვენეცია „იხრჩობა“ – არა წყალში, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ვალებში. გასული წლის ბიუჯეტი დეფიციტური იყო და დავალიანებამ 400 მილიონ ევროს გადააჭარბა. ქალაქი მკვიდრი მოსახლეობისგან თანდათან იცლება და მიტოვებული სასახლეები და შენობები თანდათან ფსკერისკენ მიიწევს. რატომ არ ყიდიან ვენეციელები თავიანთ ფეშენებელურ უძრავ ქონებას, რატომ ტოვებენ უპატრონოდ, რატომ უგროვდება ქალაქს ვალები და არის თუ არა ამის მიზეზი მოზღვავებული ტურისტი?

ტურისტების რაოდენობა და შეზღუდვები

ივლისის თვეში, ვენეციაში ჩემს გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ქალაქის ძირძველი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ეს არ იყო ცნობილი ვენეციური კარნავალი, არამედ მოქალაქეები მთავრობისგან ტურისტების რაოდენობის შეზღუდვას მოითხოვდნენ. ვენეციელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბევრი ტურისტი საზიანოა. გაგახსენდებათ ალბათ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინფრასტრუქტურის მინისტრის – ნოდარ ჯავახიშვილის 5 წლის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ბევრი ტურისტი სულაც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო.

მსგავსად ფიქრობს ვენეციაში ჩასულ ტურისტებზე ვენეციელი ალექსანდროც, რომელიც ექსკურსიამძღოლად მუშაობს. მას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირი შეხება აქვს ტურისტებთან და ამასწინანდელ ამბავს იხსენებს, როდესაც ვიღაც „ვანდალები“ ხიდებიდან არხებში ხტებოდნენ და იქ ბანაოდნენ. ასევე ისინი ბევრ ნაგავსაც გვიტოვებენო, ამბობს ალექსანდრო და დასძენს, რომ ეს კარგი არ არის, „ჩვენ გვინდა ნამდვილი ტურისტები, ისეთები რომლებიც აფასებენ ისტორიას, ხელოვნებას და მუზეუმებს, ისეთები, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ქალაქს“.

მომრავლებული ტურისტების უარყოფით შედეგებზე საუბრობს პიერო, რომელიც ერთ-ერთია იმ ხუთიდან, რომელსაც გონდოლების ნიჩბების დამზადება ხელეწიფება. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა იაფფასიანი, ჩინური პროდუქციის რაოდენობა, რაც ადგილობრივი ხელოსნების ნაწარმს არაკონკურენტულს ხდის და ისინი იძულებულნი არიან საქმიანობა შეწყვიტონ და ვენეციიდან წავიდნენო.

სხვაგვარად ფიქრობს სამოქალქო აქტივისტი ვალერია, რომელიც ტურიზმში სულაც არ ხედავს საფრთხეს. ტურიზმი საჭიროა, ეს უბრალო მათემატიკაა. ადამიანები, რომლებიც ვენეციაზე ფიქრობენ, თავიანთი მოქმედებით ძალიან ეხმარებიან ადგილობრივ ბიზნესს“, – ამბობს ვალერია.

საპროტესტოდ გამოსული ვენეციელები ადგილობრივ ხელისუფლებას და „იუნესკოს“ კიდევ 2 წლის ვადას აძლევენ პრობლემების გადასაწყვეტად. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ქალაქის მმართველობასთან ერთად ცდილობს ტურისტების ნაკადების რეგულირებას ტურისტების პროცენტული შეზღუდვისა და ტურისტული გადასახადის დაწესების გზით.

ვენეციაში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ტურისტი ჩადის. ამ რაოდენობის ტურისტს მასპინძლობას უწევს დაახლოებით 150 ათასი ვენეციელი. არაოფიციალური ინფორმაციით, ვენეციის მოქალაქეთა რაოდენობა 100 ათასსაც არ აღწევს. მიგრაციის მიზეზები ცოტა ქვევით განვიხილოთ, ახლა კი ავღნიშნავ, რომ ვენეციის მოსახლეობის რაოდენობის პიკმა 250 ათასს მეოცე საუკუნის 70 წლებამდე მიაღწია და მას შემდეგ თითქმის მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდება. ბოლო დროს წლიურად 1500 მოქალქე ტოვებს ვენეციას.

ამის მიზეზი ნაკლებად არის მომრავლებული ტურისტი თუ საზღვარგარეთიდან შემოტანილი იაფი საქონელი. რომ არა ტურიზმი, ვენეციის კუნძულოვანი ნაწილის ეკონომიკა მთლიანად დაინგრეოდა, რადგან თითქმის ყველანაირი საქმიანობა აწყობილია და მორგებულია უცხოელი სტუმრების მიღება-მომსახურებაზე.

დროთა განმავლობაში ვენეციის ძირითადი წარმოება – გემთმშენებლობა ისტორიას ჩაბარდა და მინისა თუ გონდოლების სახელოსნოების ბრუნვა ამ სფეროში დასაქმებულთა მოთხოვნებს ძლივსღა აკმაყოფილებს. დაკნინდა ვაჭრობის სფეროც, რადგან ათასგვარმა რეგულაციებმა და გადასახადებმა მსოფლიოს ყურადღება ვენეციიდან აზიური ქალაქებისკენ გადაიტანა.

არადა, ვენეციის განვითარების საიდუმლო, ცნობილია. 18-ე საუკუნემდე ის იყო ევროპის ერთ-ერთი დიდი და მდიდარი ქალაქი-რესპუბლიკა. ვენეციის სასახლეები „პალაცოები“ ყოფილი სავაჭრო სახლებია, ჩვენებური ქარვასლები. პალაცოს ვენეციელები არხების პირას აშენებდნენ, მისი ზედა სართული ეკავა მოსამსახურეთა ოთახებს, ერთით ქვევით, სვეტებიანი აივნების სართულზე ცხოვრობდა პალაცოს მესაკუთრის ოჯახი და კიდევ ერთით ქვევით, ასევე სვეტებიანი აივნების სართული განკუთვნილი იყო სტუმრებისთვის, ვაჭრებისთვის. მათი სართულის ქვევით, წყლის პირზე პალაცოში მოწყობილი იყო საწყობის და სავაჭრო სივრცე. ახლა პალაცოების უმრავლესობა გადაკეთებულია სასტუმროდ, მათ შორის ზოგიერთი უძვირფასესი სასტუმროა. ძალიან მცირე ნაწილში კი კვლავ ძირძველი ვენეციელები ცხოვრობენ, მაგრამ როგორც ზევით ავღნიშნე, ისინი იძულებულნი ხდებიან დატოვონ ვენეცია.

ამის მიზეზი ვაჭრობის შემცირებაზე მეტად ის რეგულაციებია, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთავრობა აწესებდა. სულ ცინცხალი შეზღუდვა 2017 წლით თარიღდება და პალაცოების და სხვა შენობების სასტუმროდ გადაკეთების აკრძალვას ნიშნავს. თუ ვენეციელები სასახლეს სასტუმროს მოწყობის მიზნით არ გაარემონტებენ, ის უსათუოდ ჩაძირისთვის არის განწირული, რადგან ოჯახს, რომელსაც ტურიზმიდან შემოსავლის მიღების საშუალება არ ექნება, შენობის შენახვაც გაუჭირდება. ვენეციის ხელისუფლების მიერ 70-იან წლებამდე დაწესებული გადასახადების „წყალობით“ ვენეციელთა დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. ისინიც კი, ვინც დარჩნენ, თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს, ყოველთვიურად დაახლოებით 1000 ევროს, ბინის შენახვასთან დაკავშირებულ გადასახადებში ხარჯავენ.

გადასახადები და ხარჯები

უძრავი ქონების გადასახადი არ არის ერთადერთი, რაც შეიძლება ტურისტულ ბიზნესს ადგილობრივთა შემოსავლებს ზღუდავდეს. ასე მაგალითად, ვენეციაში 1993 წელს დააწესეს „ჩრდილის გადასახადი“. ის 1 კვადრატულ მეტრზე ყოველთვიურად 4.5 ევროს შეადგენს. მისი გადახდა უწევთ კაფე-რესტორნებს და სავაჭრო ობიექტებს, რომლებსაც „ტენტი“ ან ბუნებრივი ჩრდილი აქვთ. ბიუროკრატების აზრით, ამ გადასახადით თანაბარ პირობებში აყენებენ იმ მეწარმეებს, რომელთა პოტენციურ კლიენტურას თაკარა მზე აფრთხობს.

იტალიაში და მით უმეტეს ვენეციაში აღარავისთვის არის უცხო კიდევ ერთი გადასახადი, ე.წ. „სიტი-ტაქსი“ – ქალაქის ტურისტული გადასახადი. ყოველდღიურად 2.5 ევროდან 4.5 ევრომდე იხდიან ქალაქის სტურები, ტურისტები, მხოლოდ იმაში, რომ ვენეციის არც თუ იაფ სასტუმროში, ან ბინაში დარჩენა გადაწყვიტეს. სიტი-ტაქსი არ არის ერთადერთი რაც ვენეციაში მოგზაურობას აძვირებს. ვენეციის კუნძულოვან ნაწილზე თითქმის შეუძლებელია ყველაზე დაბალი დონის ჰოსტელშიც კი 100 დოლარზე ნაკლებად დაბინავება. საქალაქო ტრანსპორტის, საწყლოსნო ავტობუსის – „ვაფარეტოს“ ერთჯერადი ბილეთი 7,5 ევრო ღირს. თუ საწყლოსნო ტაქსით, კატერით გადაადგილებას მოინდომებთ, მინიმუმ 70 ევროს გადახდა მოგიწევთ, ხოლო გონდოლით ვენეციის არხებში გასეირნება 30 წუთი 80 ევრო ღირს.

გონდოლიერობა, ისევე როგორც ბევრი საქმიანობა ვენეციაში ერთგვარი ხელოვნებაა და მისი შესწავლა ყველას როდი შეუძლია. გონდოლიერობის სპეციალობას წლებით ეუფლებიან და ამ განსაკუთრებული საწყლოსნო ტრანსპორტის სამართავად ეს სულაც არ არის საკმარისი. ისევე როგორც ტაქსის სამართავად ევროპაში, გონდოლის მართვისთვის აგრეთვე საჭიროა ლიცენზია, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა ან საკმაოდ ძვირად იყიდება. შესაბამისად, გონდოლიერთა რაოდენობა, ანუ ლიცენზიების რაოდენობა ფიქსირებულია და ამიტომ ისინი მოკლებული არიან თავისუფალ კონკურენციას. სწორედ ამიტომ, 300-მდე გონდოლიერი მარტივად შეთანხმდა მომსახურების ფასსზე, რომლის შემცირება გონდოლიერის ღირსების საკითხზე გადის.

თუმცა, როდესაც ტურისტები გონდოლათი გასეირნებას გადაწყვეტენ, შესაძლებელია გონდოლის ფასის გაყოფა 6 ადამიანზე. სწორედ ამდენი თავსდება გონდოლაში, მაგრამ ხარჯი მაინც შთამბეჭდავი გამოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუზეუმებში შესასვლელად და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად საშუალოდ 10-10 ევროს გადახდა უწევს ვენეციის სიმდიდრეებით დაინტერესებულ ტურისტებს.

ვენეციაში უფასო თითქმის არაფერია, მათ შორის ადგილი რესტორნის მაგიდასთან. მის საფასურს კერძის ღირებულებისაგან დამოუკიდებლად იხდის ყველაზე იაფიანი პიცერიის სტუმარიც კი. კიდევ უფრო მეტი გადასახადი ეკისრებათ ტურისტულად პოპულარული კაფეების მომხმარებლებს. ადგილის საფასურის თუ დანა-ჩანგლის გადასახადის გარდა, ოფიციანტის მომსახურებაშიც ცალკე უნდა გადაიხადოთ. მაგალითად, ასეა სან-მარკოს მოედანზე გაშლილ ღია კაფეებში. შედეგად ერთი ფინჯანი ყავა შეიძლება 10-20 ევრო დაგიჯდეთ. ამ არნახული სიძვირის მიუხედავად, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი მზად არის ვენეციას ესტუმროს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვენეციელები მათი რაოდენობის შეზღუდვას მაინც მოითხოვენ.

ძირითადი პრეტენზიები გაისმის საკრუიზო ლაინერების მისამართით, რომლებიც რამდენიმე საათით სტუმრობენ ვენეციას და ათიათასობით სტუმარი ჩამოჰყავთ. ვენეციელთა აზრით, ლაინერები აბინძურებენ საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო ტურისტები ტოვებენ ნარჩეებს ქუჩაში კვების შემდეგ, შემოსავალი მათგან კი მინიმალურია, რადგან ისინი რამდენიმე საათის შემდეგ უკან მიემგზავრებიანო. ვენეციელებს სურთ უფრო შეძლებული, მაღალი ფენის წარმომადგენლები მიიღონ კარნავალზე, ბიენალეზე თუ კინოფესტივალზე და მათი მასპინძლობით შემოსავალთან ერთად ესთეტიური თუ კულტურული სიამოვნებაც მიიღონ. მაგრამ ამ ემოციური სურვილების მიღმა სხვაგვარია ეკონომიკური რეალობა, რომელიც კარგს არაფერს უქადის ქალაქს. ადვილი მისახვედრია, რომ ტურისტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო დააცარიელებს ქალაქის ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს.

გამოცდილება საქართველოსთვის

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აშორებს ვენეციის თუ იტალიის ტურისტულ შესაძლებლობებამდე, მაგრამ გამოცდილების გაზიარება, მათ შეცდომებზე სწავლა უსარგებლო ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს, რომ ტურისტების ნაკადების შეზღუდვის მცდელობა უკვე ჰქონდა საქართველოს მთავრობას 2013-14 წლებში. მაშინაც ზუსტად იგივე აქცენტები დაისვა ჩვენთან, რომელთა რეალიზებას ახლა ცდილობენ ვენეციაში. კერძოდ, ეს არის ტურისტული ნაკადების შეზღუდვა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არასასურველად მიაჩნიათ. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო ინდოეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა აზიური ქვეყნები. საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდნენ, როდესაც ბიუჯეტში შემოსავლები შემოაკლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ წლებში მიყენებული ზარალი მივიწყებას მიეცა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საქართველოში ახალი რეგულაციების აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდნენ. კერძოდ, საუბარია უცხოელი გიდების საქართველოში დაუშვებლობის შესახებ, რომ ექსკურსიები მხოლოდ ქართველებმა უნდა ჩაატარონ. ასევე გაისმის მოსაზრებები, რომ საქართველომ აქცენტი არ უნდა გააკეთოს ტურისტების რაოდენობაზე და რომ ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტები უნდა ჩამოდიოდნენ. ანალოგიური სურვილებით აქვთ ვენეციაშიც, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. თანამედროვე ბაზარი ყველას, მათ შორის დაბალბიუჯეტიან ტურისტებსაც საშუალებას აძლევს, რომ მოინახულონ ის ადგილები, რომელთა დათვალიერება გასულ საუკუნეში მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. უფრო გონივრული იქნება თანამედროვე ტენდენციებისადმი ალღოს აღება და ისეთი ნიშის მოძებნა, რომელიც საქართველოს ტურიზმიდან სულ უფრო მეტ შემოავალს და მოგებას მოუტანს.

ჟურნალი “ბიზნესი და მენეჯმენტი”

ტურიზმი ვენეციაში
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი