რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

მიწაში ჩასული რკინიგზა

ორთქმავალი
ორთქმავალი 15 C 32

რუსთავის საბავშო რკინიგზის მშენებლობა 1986 წლის 1 თებერვალს დაიწყო. ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ იუწყება სადგურის მახლობლად მდებარე წარწერიანი ფილა, რომელიც, ბედის ირონიითა თუ არსებული გარემოების შესაბამისად, მემორიალს, ანდა სულაც საფლავსა ჰგავს.

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
“1986 წლის 1 თებერვალს აქ საფუძველი ჩაეყარა საბავშვო რკინიგზის მშენებლობას”

ერთ დროს სადგურის ბაქანზე უამრავი ბავში ირეოდა. ბილეთები სიმბოლურ, 10–20 კაპიკად იყიდებოდა. ფრიალებდა ალისფერი ყელსახვევი, დროშა, ფერადი ბუშტები. ბავშვების ხმაურში იკარგებოდა სადგურის მორიგის სასტვენისა და ორთქმავლის გაბმული კივივლი.

სადგური
რუსთავის საბავშვო რკინიგზის სადგური

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
ორთქმავალი 15 C 32

ვაგონებში (რონოდებში) ტევა არ იყო. ბავშვებთან ერთად, მტკვრის გრილ ჭალაში (სადაც რკინიზის წრიული მარშრუტი გადიოდა) გასეირნება სკოლის მასწავლებლებსაც მოსწონდათ და – მშობლებსაც. 90–იანი წლების პირველ ნახევარში ამ ვაგონში მინი–კინოთეატრი მოეწყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, დაწესებულებას „ცეროდენა“ ერქვა და უმუშევრად დარჩენილ მეტალურგებსა თუ ქიმიკოსებს ეროტიკულ ფილმებს (ემანუელა, греческая смоковница და მსგავს რამეებს) სთავაზობდა.

ვაგონი
ვაგონი – არსადაც არ მიქრის 🙁

რუსთავის საბავშვო რკინიზის ისტორია უსახელოდ დასრულდა: ლოკომტივი და ვაგონი გაძარცვული და ჟანგისგან შეჭმულია; სავალ ნაწილზე უშნო მცენარეები იზრდება, რელსები კი სულაც მიწაში ჩადის…

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
ბოლო გაჩერება

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

რუკა

რუსთავის საბავშვო რკინიგზის რუკა

რუსთავის საბავშვო რკინიგზის გახსნისას გადაღებული ფოტო.

რუსთავის საბავშვო რკინიგზის გახსნისას გადაღებული ფოტო

რუსთავის ქუჩები

რუსთავი აქედან იწყება და ჟიული შარტავას გამზირს ქალაქის ცენტრისკენ მივყავართ. ფოტოები 2011 წლის ზაფხულში გადავიღე და მაშინ ცენტრალური ქუჩების რეკონსტრუქცია 1-2 წლის დასრულებული იყო.

შარტავას გამზირს თან გასდევს ველობილიკი, ფოტო მობილურით გადავიღე, ამიტომ ცოტა უხარისხო გამოვიდა, თავად ბილიკი საკმაოდ ხარისხიანია 🙂

ველობილიკი კი არის მაგრამ, აქ ველოსიპედით გადაადგილება დიდად პოპულარული არ უნდა იყოს, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე მრავალჯერ ავლა-ჩამოვლის მიუხედავად ველოსიპედისტი არ შემიმჩნევია. ველოსიპედი მხოლოდ რუსთავის ცნობილ ბაზრობაზე, “სტამბოლის ბაზრობაზე აღმოვაჩინე ერთ-ერთ სახელოსნოსთან დაბმული. ეტყობა ხელოსნის ტრანსპორტი იყო.

ცენტრალური ქუჩები გაყოფილია მაღალი ბორდიურებით და გაზონებით. ამ გრძელი გამზირის ბოლოს რუსთაველის მოედანია შოთა რუსთაველის ძეგლით.

რუსთაველის მოედნიდან იწყება მეგობრობის გამზირი. აქვე არის სასტუმრო რუსთავი, რომელსაც ჯერაც შერჩენია საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული წარწერა Гостиница Рустави.

ახლა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ნამდვილი საბჭოთა კავშირი იყო 😉

მეგობრობის გამზირი 9 სართულიანი კორპუსების დასრულებასთან ერთად მთავრდება და იწყება მერაბ კოსტავას გამზირი, რომელიც მტკვარს გადაკვეთს და ძველ რუსთავში გადადის. მალევე თავისუფლების მოედანს მივადექი, რომელიც 2011 წლის ზაფხულში რეკონსტრუქციისთვის ჩაკეტილი იყო.

მოედნის იქეთ, ისევ კოსტავას გამზირი გრძელდება და მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობით სრულდება.

თავად მეტალურგიული ქარხანა უფრო მოშორებითაა, ადმინისტრაციული შენობიდან მარცხნივ.

ირგვლივ ბევრი, მეტალურგიასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საწარმო და კომპანიაა დაფუძნებული. Read more