სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გაფრთხილება ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია. 😉

***ნაწილი 1***

ყველა გზა კონსტანტინოპოლში მიდის…

…წლის ნებისმიერ დროს, თუმცა, საუკეთესო პერიოდი, იმჰო, სექტემბერ-ოქტომბერი და აპრილ-ივნისია. არც აუტანელი სიცხეებია და ამინდიც კარგია. გაზაფხულზე ყვავილები ყვავის და ქალაქში ტიტების ფესტივალი იმართება. ყველაზე იაფი (40-50 დოლარი) თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსის ბილეთია, რომელსაც ისე უნდა ერიდოთ, როგორც ერთაოზი – ფაეტონს. უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თუ მატარებლით ჩახვალთ ბათუმში, იქედან ეწვევით სარფს, ფეხით გადახვალთ საზღვარზე და გაყვებით ტაქსს ჰოფამდე (4 ადამიანი თუ მოგროვდებით ძვირი არ დაჯდება – 10 დოლარზე ნაკლები კაცზე), იქედან კი – სტამბოლის ავტობუსს (ეგეც კიდევ 50 დოლარი). ასე აცდებით “გურჯულ” სიტუაციებს ავტობუსში და რიგს საზღვარზე. შეგიძლიათ ბათუმიდან გადახვიდეთ ტრაბზონში, საიდანაც იაფი რეისების ცვენაა სტამბოლამდე (60 დოლარადაც კი შეიძლება ორი გზის შეკვეთა, ოღონდ, თუ თადარიგს დაიჭერთ და ადრიანად აიღებთ ბილეთს). მაგრამ რატომ უნდა იწვალოთ, როცა არსებობს პეგასუსის ავიახაზები?

არც პეგასუსის თანამშრომელი ვარ, არც რეკლამაში მიხდიან ფულს, მაგრამ ამ ავიაკომპანიას მშვენიერი მომსახურება აქვს (ახლა უკვე ბათუმიდანაც დაფრინავს, თუმცა ეს “ბათუმიდან” პირობითია – ტრანსფერია ჰოფამდე ავტობუსით და იქედან უკვე – თვითმფრინავით) და მხოლოდ ერთი მინუსი – ჯანდაბაში ჯდება: თუ თურქიშის ათათურქის აეროპორტი ლამის ქალაქშია, პეგასუსის საბიჰა გიოქჩენის (Sabiha Gökçen) აეროპორტი ოფიციალურ უკანალშია, საიდანაც სტამბოლამდე საათზე მეტია საჭირო (საცობების გათვალისწინებით) და ტაქსი ძალიან ძვირი ჯდება (50 დოლარი), მაგრამ ეს ავიაკომპანია ნამდვილად კარგი სერვისითა და დაბალი (სხვებთან შედარებით) ფასებით გამოირჩევა, რაც ამ მცირე უსიამოვნებას სრულად ფარავს. ამასთან, აეროპორტიდან ქალაქში მიდის ე.წ. შატლი ჰავათაშ ბას (Havataş Bus), რომელიც სულ რაღაც 12 ლირა ღირს და თვითმფრინავის დაჯდომიდან 30 წუთში გადის. ერთს თუ ვერ მიასწარით, ნუ აღელდებით, სულ მალე მეორე გავა და ასე მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ის პირდაპირ თაქსიმამდე მიგიყვანთ – სტამბოლის რუსთაველამდე. IAS შატლი უფრო ძვირი დაგიჯდებათ (15 ევრო), სამაგიეროდ გაცილებით სწრაფია, სულთანაჰმეთამდეც მიდის, და, თუ სურვილი გაქვთ – სასტუმრომდეც. თან მძღოლი დაგხვდებათ აეროპორტის გამოსასვლელთან.

  • საბიჰა გიოქჩენი ქემალ ათათურქის ქალიშვილი იყო, პირველი თურქი ქალი, ვინც შტურვალს მიუჯდა და პირველი სამხედრო პილოტი-ქალი კაცობრიობის ისტორიაში.

პირველად რომ ვიფრინე პეგასუსით (2 წლის წინ) სტიუარდმა ძალიან თავაზიანად და დეტალურად განმიმარტა, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ქალაქში იაფად.

  • UPDATE: ამასობაში კიდევ ერთმა თურქულმა საბიუჯეტო ავიახაზმა გაშალა ფრთები თბილისსა და სტამბოლს შორის – Atlasjet, “პეგასუსისგან” განსხვავებით, ათათურქის აეროპორტში ჯდება.

სჯობს, ერთი 50-100 დოლარი მაინც თბილისშივე გადაცვალოთ თურქულ ლირებზე წვრილ კუპიურებად, თუ ეს ამბავი დაგავიწყდათ, სანამ შატლს მიაშურებდეთ, ჯერ АТМ მოძებნეთ აეროპორტში და ლირები გააქეშეთ. რა თქმა უნდა, იქვე ჩეინჯიც არის, მაგრამ, ტრადიციულად, აეროპორტებში ტურისტისთვის წამგებიანი გაცვლითი კურსია. ბარემ აქვე დავწერ, რომ АmEx-ს თურქეთში ისე არა სწყალობენ, როგორც საქართველოში. Мastercard და/ან VISA უფრო მოსახერხებელია, თუმცა, ისეთი ადგილებიც ბევრია, სადაც თქვენი ამექსით გადახდასა და ბონუსების დაგროვებასაც შეძლებთ. აეროპორტში არ დაგავიწყდეთ და აიღეთ სტამბოლის რუკა – რა თქმა უნდა, გუგლ და ყველა სხვა ონლაინ-მეფი არვის გაუუქმებია და მშვენივრადაც მუშაობს, მაგრამ ნამდვილად არ გეზედმეტებათ… ისე, მე რომ ჩავედი უფასო რუკების სტენდი “საბიჰა გიოქჩენში” ცარიელი დამხვდა. 🙂

ინტერნეტში ყველა სასტუმრო ერთმანეთს (არ) ჰგავს

სად გავჩერდეთ და დავჯავშნოთ თუ არა სასტუმრო წინასწარ? ორი დილემაა. თუ პირველად ჩადიხართ სტამბოლში, მე პირადად სულთანაჰმეთზე დაბანაკებას გირჩევთ – ეს ქალაქის ისტორიული და ძალიან ლამაზი ნაწილია. სწორედ აქაა აია სოფიაც (სტამბოლის სხვადასხვა უბანზე მოგვიანებით (მეორე ნაწილში) დავწერ). ერთის მხრივ, სასტუმროს თუ დაჯავშნით, მშვიდად იქნებით, მეორეს მხრივ, ადგილზე თუ მოძებნით და კარგად შეევაჭრებით – შესაძლოა, მაგ სასტუმროს ნომერი ინტერნეტით გამოცხადებულ ფასზე იაფადაც იშოვნოთ. გარდა მაგისა, სტამბოლში უამრავი სასტუმროა, რომელსაც არც საიტი აქვს, არც ინტერნეტ-ბუქინგის სისტემაშია ჩართული, მაგრამ არსებობს და სტუმრებიც სტუმრობენ.

  • ზოგადად, თურქული სასტუმროს ვარსკვლავები ჩემთვის დიდი გამოცანაა – ზოგჯერ 3-ვარსკვლავი ძალიან კარგია, ზოგჯერ კი – ოთხიც არაფრად ვარგა. ისტორიულ შენობებში განთავსებულ სასტუმროებს კი ვარსკვლავები საერთოდ არ აქვთ – მათ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ანიჭებს განსაკუთრებულ S (Special) ნიშანს.

მე მაინც პირველ გზას ვარჩევ ხოლმე, რისთვისაც Каyak-ის მოხერხებულ სერვისს ვიყენებ. კაიაკით იოლია მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და ავიაბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნა ან ავტომობილის დაქირავება (თუმცა, Kayak ერთადერთი არაა – Еxpedia და Priceline ბაზრის ორი ლიდერი მოთამაშეა, მაგრამ კაიაკის მობილური აპლიკაცია უფრო მოსახერხებელია, იმჰო). სანამ სასტუმროს დაჯავშნით, ყურადღება მიაქციეთ, რა სახის მომსახურება შედის ფასში – ალაგებენ თუ არა ოთახს, ცვლიან თუ არა თეთრეულს, არის თუ არა ოთახში კონდიციონერი და/ან გათბობა, როგორია ხედი, არის თუ არა აივანი, ტერასა, აქვს თუ არა ოთახს ფანჯარა (შესაძლოა არ ჰქონდეს :)) და თუ აქვს, იღება თუ არა. 🙂 ვაიფაი თუ არის და ოთახამდე თუ აღწევს, თუ ფოიეში მთავრდება, საუზმე თუ შედის ფასში… თუ რამ არაა გათვალისწინებული და გჭირდებათ – ცალკე საფასურის გადახდა მოგიწევთ, ასე რომ, ყურადღებით წაიკითხეთ ის ინფორმაცია სასტუმროს შესახებ, კაიაკი რომ გაწვდით. თუ სასტუმროს საიტი აქვს – მასაც გადახედეთ.

  • ეგებ, იფიქროთ, რომ კონდიციონერი მნიშვნელოვანი არაა – ბოლო-ბოლო ფანჯარას გამოაღებთ? ვაი რომ, არც ეგრე მარტივადაა საქმე. სტამბოლს, ნიუ იორქისა არ იყოს, არასდროს სძინავს – შუაღამემდე ტურისტების ფუსფუსია, მანქანები დაქრიან, უამრავი ხალხია ქუჩებში. შემდეგ მაღაზიის/კაფეების მეპატრონეების ჯერი დგება – დილისთვის ემზადებიან, ახალი საქონელი შექვთ, ალაგებენ და ერთი ბრახა-ბრუხია, ხუთ საათზე კი მუეძინი გადმოდგება მინარეთზე და მუსლიმებს ლოცვაზე უხმობს, მაგამ ისე გაჰკივის, რომ არამუსლიმებსაც ესმით. 🙂 მოკლედ – ფანჯრის გაღება ღამით ცუდი იდეაა. არ დაგაძინებენ. არადა, თუ ტურისტი ხარ და სტამბოლის (საფუძვლიანად) დათვალიერება გსურს, დილის 8 საათზე მაინც უნდა გახვიდე სასტუმროდან – მუზეუმები 9 საათზე იღება და უგრძელესი რიგები დგას, როგორც ბილეთის სალაროებთან, ისე შესასვლელთან. ქუჩები კი გადატვირთულია და ჯერარნახული საცობებია ხოლმე.

სასტუმროებისგან საგანგებო შემოთავაზებები ჩვეულებრივი ამბავია (თუკი ასეთი არსებობს, კაიაკს არ გამორჩება, მთავარია, თქვენ არ გამოგრჩეთ) – ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება, დამატებითი უფასო სერვისი (ვთქვათ – ვახშამი), ტაქსი აეროპორტში უფასოდ და სხვ. ბევრი სასტუმრო ბარგის უფასოდ შენახვის სერვისს გთავაზობთ 1 (ან მეტი) დღით – ესეც სასარგებლო რამაა: ბოლო დღეს დილით სასტუმროდან დაჩექაუთდებით – ნომრის ფულიც დაგეზოგებათ და ქალაქშიც არ მოგიწევთ ჩემოდნებით ძუნძული. ურიგო არ იქნება, რომ ოთახში სეიფი იყოს – უფრო გულარხეინად ისეირნებთ ქალაქში, თუკი გეცოდინებათ, რომ თქვენი პასპორტი, ფული, ავიაბილეთი და რაც გნებავთ რა სეიფში დევს და გასაღები კი ჯიბეში გაქვთ/კოდი – თავში. დაბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რას წერენ სხვა სტუმრები სასტუმროსა და მომსახურე პერსონალზე Rude თუ Polite – არაა სასიამოვნო, შინ რომ მიხვალ და მისაღებში უზრდელი და უგვანი ადამიანი დაგხვდება. განსაკუთრებული გულისყურით ყველაზე ახალ შეფასებებს გადახედეთ – კაიაკი ყველაფერს საგულდაგულოდ ახარისხებს თქვენთვის და არ დაიზაროთ, გაჰყევით მოცემულ ლინკებს და წაიკითხეთ. ეს რამდენი საჩალიჩო ყოფილაო – გაიფიქრეთ? დასაწერად იყო ბევრი, თორემ სინამდვილეში – არც იმდენი. რაც მთავარია, მერე არ ინანებთ. ორიოდ დამატებითი ინფორმაცია/რჩევა:

  • სულთანაჰმეთის (და სრულიად სტამბოლის) იაფიანი სასტუმროები გათვლილია მათზე, ვისაც ნომერი მარტო დასაძინებლად სჭირდება და დღის დიდ ნაწილს ქალაქში ატარებს. დილის 8 საათზე სასტუმროდან გახვედი – ღამის 2 საათზე შემოხვედი. სპარტანული გარემო, ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა ოთახები და ვიწრო სააბაზანო. მაგრამ თუ ნომრები სუფთაა, კონდიცირებულია, ცხელი წყალი მოდის… სივიწროვე ტურისტისთვის, იმჰო, ასატანია.
  • თუ 25-წლამდე ხართ, შესაძლოა, ჰოსტელშიც კომფორტულად იგრძნოთ თავი – მართალია, გარემო აქ კიდევ უფრო სპარტანულია (6-8 საწოლი ერთ ოთახში, საერთო სააბაზანო…), სამაგიეროდ – სუპერ-იაფია, თქვენი ჭკუის ხალხს გაიცნობთ სხვადასხვა ქვეყნიდან (ამ გაცნობას რომ მოჰყვეს, არც რამე ეგეთი ბონუსებია გამორიცხული :)), მხიარულ აურზაურში იცხოვრებთ და რიგიან ჰოსტელში სისუფთავეცაა და საუზმეც.
  • თუ 4 და მეტი ადამიანი მიდიხართ, სტამბოლში აპარტამენტის (ბინის) დაქირავებაც შეიძლება. სასტუმროზე გვარიანად იაფი გამოვა. 1-2 ტურისტისთვისაც მოიძებნება მსგავსი შეთავაზებები, გირჩევთ, Airbnb-ს გადახედოთ.

სანამ სტამბოლისკენ აიღებთ გეზს, მობილურში/ტაბლეტში ჩამოქაჩეთ ქალაქის GPS-თან ინტეგრირებული ოფლაინ რუკა – ძალიან სასარგებლო რამაა და ნამდვილად გამოგადგებათ და – ინგლისურ-თურქული თარჯიმანიც.

სტამბოლი ტურიზმოფისიდან იწყება

თუკი თეატრი გარდერობიდან იწყება, სტამბოლი ტურისტების საინფორმაციო ცენტრით იწყება – ეს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტია, რომელიც ტურისტების საინფორმაციო მომსახურებისთვის შეიქმნა. სამწუხაროდ, “საბიჰა გიოქჩენში” მისი ოფისი არაა, მაგრამ არის თაქსიმის მოედანზე, სულთანაჰმეთის მოედანზე და ბევრ სხვა ადგილას. იქ მოგართმევენ ქალაქის რუკას (ეგებ, აეროპორტშიც აიღეთ, მაგრამ გამოართვით ამათაც :)), მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემებს და სიამოვნებით უპასუხებენ თქვენს ყველა შეკითხვას. პერსონალი საუბრობს ინგლისურად. ვინც სტამბოლში პირველად ჩადის – ქალაქში მოგზაურობა სწორედ ტურიზმოფისიდან უნდა დაიწყოს. თუ ჩაი და ტკბილეული შემოგთავაზეს – უარი არ უთხრათ. 🙂 სტამბოლში ყოველთვის უსაფრთხო არაა ასეთი შემოთავაზებების მიღება (ამაზე – შემდგომ), მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა. 🙂 ტურიზმის განყოფილების ცხელი ხაზია – 170. ბარემ აქვე დავწერ, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო პოლიციის სამსახურიც აქვს, რომელიც ტურისტების უსაფრთხოების სადარაჯოზეა – Tourism Police-ის ოფისი სულთანაჰემეთის რაიონშია.  911-ის მსგავსი თურქული ტელეფონი კი 155-ია. ასევე შეგიძლიათ, (212) 527-45-03 აკრიფოთ – ტურიზმის პოლიციის ნომერი. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ეს ნომრები მობილურში ჩაიწერეთ.

Creative Commons License© Lord VaderStylish Blogსაავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა
2.6 (52%)

მსგავსი თემები

კომენტარი