ქუთაისი პარიზი (ბოვე)

2018 წლის 17 მაისიდან პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ქუთაისიდან გაფრინდნენ. ამაში მათ Wizz Air-ის იაფფასიანი ავიაბილეთები დაეხმარება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ისინი იყენებენ მცირე ზომის აეროპორტებს, რომელთა ნაწილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ქუთაისიდან პარიზში ჩაფრენის მსურველი თავდაპირველად Beauvais (ბოვეს) აეროპორტში მოხვდება.

ის რომ ვიზეარი პარიზში (ბოვე) ფრენას დაიწყებდა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც სალონიკის გავლით პარიზში მოგზაურობა დავგეგმე. ქუთაისი-სალონიკის “ვიზეარის” 25 ლარიან ბილეთს დავუმატეთ სალონიკი-პარიზის “რეინიარის” 22 ევროიანი ბილეთი და სალონიკის აეროპორტში 1 საათიანი გადაჯდომის შემდეგ პარიზამდე 100 კილომეტრით დაშორებულ ბოვეს აეროპორტში აღმოვჩნდით. (სალონიკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ პოსტში)

ახლა გავიაროთ ბოვედან პარიზამდე მგზავრობის ის ეტაპები, რომელთა გავლა ყველას მოუწევს, ვინც ქუთაისიდან პარიზში გაფრენას გეგმავს. ბოვეს აეროპორტი ერთი მცირე ზომის ტერმინალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აქედან საფრანგეთში შეღწევა უფრო მარტივია ვიდრე ცნობილი აეროპორტებიდან.

ტერმინალში შესვლა “დოზირებულია”, ავტომატური კარი-კაბინის მეშვეობით შიგნით შესვლას მხოლოდ სამი კაცი ახერხებს. შესვლისთანავე, მესაზღვრე პოლიციელმა გამოგვკითხა ყველაფერი და პასპორტები შეამოწმა. ვიფიქრეთ, რომ სულ ეს იყო, მაგრამ სასაზღვრო კონტროლის გავლამაც მოგვიწია, იმის და მიუხედავად, რომ სალონიკის შემდეგ უკვე შენგენის ზონაში ვიყავით. ყველა საბუთი შეგვიმოწმეს, როგორც ჩანს გამკაცრებული კონტროლი გამოწვეული იყო საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც ამ კვირაში გაუქმდა. საზღვრის გავლის შემდეგ გეზი პირდაპირ ტერმინალის გვერდით განთავსებული ავტოსადგურისკენ ავიღეთ, საიდანაც პარიზის ავტობუსები გადიან.

ბარიერებით მიხვდებით, რომ აქ სერიოზული რიგები დგება ხოლმე, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა… თან ბილეთებიც წინასწარ ინტერნეტით შევიძინეთ საიტზე: shop.aeroportparisbeauvais.com

თუ ორმხრივ ონლაინბილეთს შეიძენთ 29 ევრო უნდა გადაიხადოთ. მხოლოდ ერთი გზა 15,90 ევრო დაგიჯდებათ. ადგილზე სალაროში 1-2 ევროთი ძვირი ღირს და შეიძლება რიგში დგომაც დაგჭირდეთ. ბილეთი არ არის გამგზავრების საათით შეზღუდული და დაგვიანების ნუ შეგეშინდებათ.

ბოვედან პარიზამდე თითქმის 100 კილომეტრია და მის გავლას Mercedes‑Benz Travego-ს ავტობუსი ერთ საათზე ოდნავ მეტს ანდომებს. ავტობუსი არსად აჩერებს და პარიზის ცენტრალურ უბანში, მეტროს სადგურ Porte Maillot-თან მდებარე ავტოსადგურში შედის. აქვე არის პარიზის კონგრესების სასახლე რომლის შენობა სხვა ნაგებობებისგან ადვილი გამოსარჩევია. ფოტოზე მარცხნივ.

მეტროს მიმართულების მაჩვენებლები ამ სასახლის შესასვლელიდან იწყება და თუ საინფორმაციო დაფებს გაჰყვებით მეტროს აუცილებლად იპოვით. პარიზის მეტროს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სპეციალური პოსტი:

ასევე საკმაოდ მოსახერხებელია Uber-ი თუ მაგალითად ერთად მოგზაურობთ 3 ან 4 მეგობარი. “უბერით” გადაადგილების ფასი შეიძლება მეტროს 4 ბილეთის ფასსზე ნაკლები ან ოდნავ მეტი იყოს. თუ ამ სისტემაში ჯერ არ ხართ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ამ ბმულიდან და 10 ევროს სამგზავრო ბონუსაც მიიღებთ.

მოკლედ, მეტროს გარეშე პარიზში გადაადგილება საკმაოდ რთულია და მეტრო ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია ამ ქალაქში, უზარმაზარი ქსელითა და ახლო-ახლო გაჩერებებით. შესაბამისად სასტუმრო ან აპარტამენტები შეგიძლიათ მოიძიოთ არა მხოლოდ ცენტრში, რომელიც საკმაოდ დიდია და მეტროს გარეშე გადაადგილება მაინც დროის და ენერგიის ფუჭად ხარჯვა იქნება, არამედ ოდნავ მოშორებითაც, მთავარია მეტროსთან ახლოს. ამას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ. ჩვენ Airbnb-ის აპარტამენტი დაქირავებული გვქონდა “ლუვრის” გვერდით. მისი მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ “ლუვრის” წინ დიდ პარკში გასეირნების საშუალებას გვაძლევდა.

თუ თქვენც აპარტამენტის დაჯავშნას Airbnb-დან გადაწყვეტთ გირჩევთ გაეცანით ჩემს სპეციალურ პოსტებს:

თუ აპარტამენტები არ გაწყობთ და სასტუმროს ეძებთ გირჩევთ მიაკითხოთ არა “ბუკინგკომს” არამედ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს, რომელიც “ბუკინგკომის” გარდა სხვა მსგავს საიტებსაც აერთიანებს და მათ შორის საუკეთესო ფასის შერჩევის საშუალებასაც გაძლევთ: hotelscombined.com

ახლა განვიხილოთ ის თუ როგორ დავბრუნდეთ უკან პარიზიდან ბოვეს აეროპორტში. თუ გინდათ არ ინერვიულოთ და თვითმფრინავზეც არ დააგვიანოთ თადარიგი დაიჭირეთ და Porte Maillot-ის ავტოსადგურთან ფრენამდე 4 საათით თუ არა 3 საათით ადრე მაინც მიდით. მე მაგალითად ფრენა მქონდა 11:45-ზე და აპარტამენტიდან გასვლას 9-ზე ვგეგმავდი. თუმცა უფრო ადრე მომიწია და ავტოსადგურში უკვე 8:30-ზე ვიყავი. იქ კი აი ასეთი ვითარება დაგხვდა.

9 საათამდე კი ორი ამხელა რიგი ჩვენს უკან ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ მეც რომ დაგეგმილი დროის მიხედვით მემოძრავა რიგის რომელ ნაწილში აღმოვჩნდებოდი. ამიტომ გირჩევთ რაც შეიძლება ადრე მიდით ბოვესკენ მიმავალი ავტობუსების ავტოსადგომზე. 9 საათისთვის შემოსული სამი ავტობუსიდან მხოლოდ მესამე ავტობუსში მოვთავსდით. უკან კიდევ ბევრი მგზავრი დარჩა და ძნელი სათქმელია იყვნენ თუ არა მათ შორის ჩვენი რეისის მგზავრები. პარიზი-ბოვეს ავტობუსების განრიგი იხ. საიტზე: aeroportparisbeauvais.com

მათთვის ვინც ავტობუსში დროულად ვერ მოხვდება და თვითმფრინავის რეისზე დაგვიანების საფრთხე ემუქრება შეუძლია ტაქსით ისარგებლოს, რომელიც იქვე ავტოსადგურში დგას, სამწუხაროდ ფასი არ ვიცი, არ მგონია 100 ევროზე ნაკლები იყოს, რადგან Uber-ის მინიმალური ფასი 100 ევროს შეადგენს.

პარიზიდან ბოვეში მატარებელიც დადის, მაგრამ მისი ბილეთი უფრო ძვირია, ვიდრე ავტობუსის და თან რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე ტაქსის დაქირავება მოგიწევთ, ამიტომ ავტობუსი შეუცვლელია.

როგორც ზევით დავწერე ბოვეს აეროპორტი მცირე ზომის ტერმინალია, მაგრამ ყველა აუცილებელი სერვისით, კვების ობიექტებისა და “დუტიფრის” ჩათვლით.

სასიამოვნო ფრენას და მოგზაურობას გისურვებთ ქუთაისიდან პარიზში ბოვეს აეროპორტის გავლით 🙂

იაფი ავიაბილეთების საძიებელი

 

ქუთაისი პარიზი (ბოვე)
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი