პრაღის ტრანსპორტი

პრაღის ტრანსპორტით ბევრი ინტერესდება, ანუ იმით, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ აეროპორტიდან და თავად ქალაქის შიგნით. დაინტერესებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც 2018 წლის მაისის მეორე ნახევრიდან Wizz Air ქუთაისი-პრაღის ავიარეისების შესრულებას დაიწყებს. თბილისიდან კი პრაღაში ფრენების განხორციელებას “ჯორჯიან ეარვეისი” გეგმავს.

პრაღის აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ტაქსების სადგომის გადაღმა, თქვენს წინ შეამჩნევთ ავტობუსების გაჩერებას. ტაქსებს ზედაც არ შეხედოთ, გაგატყავებენ. აქ მოდის და აქედან გადის ნომერი: 119 და 100 მარშრუტის ავტობუსები (ღამით ნომერი 510, მის შესახებ ოდნავ ქვევით).

სანამ, აეროპორტიდან საქალაქო ავტობუსით მგზავრობას შევუდგებით საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ. პრაღაში ტრანსპორტი ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს ერთიანი ბილეთი. ეს საშუალებას გაძლევთ ბილეთით განსაზღვრული დროის მანძილზე იმგზავროთ (გადაჯდეთ, ჩამოხვიდეთ და ახვიდეთ) ავტობუსით, მეტროთი და ტრამვაით. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია გაჩერებებით, სადგურებით და მოძრაობის გრაფიკითაც კი.

ბილეთები

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ გაჩერებაზე მდგარ ავტომატებში, ან თავად მძღოლთან (მძღოლთან მხოლოდ 90 წუთიანი ბილეთი იყიდება), ახლახანს აეროპორტშიც გახსნეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების სარეალიზაციო ჯიხური. თუ თქვენ არ გაქვთ ჩეხური კრონები შეგიძლიათ გადაიხადოთ საკრედიტო ბარათით (მძღოლთან არა), ან აეროპორტში გადამცვლელ პუნქტში გადაახურდავეთ მხოლოდ ერთი 90 წუთიანი ბილეთის შესაძენად საჭირო თანხა. აეროპორტის გადამცვლელ პუნქტებს საშინელი კურსი აქვთ. თუ სად შეიძლება ფულის გადახურდავება პრაღაში გაეცნობით ჩემს სპეციალურ პოსტში: ექსჩეინჯი პრაღაში

ფასები

  • ხანმოკლე, 30 წუთი – 24 კრონა (2,8 ლარი)
  • ძირითადი, 90 წუთი – 32 კრონა (3,7 ლარი)
  • 1 დღიანი, 24 საათი – 110 კრონა (13 ლარი)
  • 3 დღიანი, 72 საათი – 310 კრონა (36 ლარი)

ბავშვებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაწესებულია შეღავათიანი ტარიფები. ასევე, განსხვავებული ტარიფებია ცხოველთა გადასაყვანად და ბარგის ან ველოსიპედის გადასატანად.

თუ პრაღაში რამდენიმე დღით მიდიხართ, გირჩევთ შეიძინეთ 3 დღიანი ბილეთი, რომლის, ისევე როგორც სხვა ბილეთების დროის ათვლა იწყება ტრანსპორტში პირველად შესვლისას რეგისტრაციის მომენტიდან.

არის უფრო ხანგრძლივი სარგებლობის ბილეთები, 1 თვიანი – 550 კრონა, 3 თვიანი – 1480 კრონა… მათი შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ოფისებში. ამ და სხვა ბილეთების ფასებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ პრაღის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტზე.

აეროპორტში, ავტობუსში შესვლისთანავე უნდა დაარეგისტრიროდ ახლადშეძენილი ბილეთი, რათა დროის ათვლა დაიწყოს. დაურეგისტრირებელი ბილეთი ბილეთად არ ითვლება და რეიდის შემთხვევაში უბილეთო მგზავრი რამდენიმე ათეული ევროს ჯარიმით ისჯება.

N 119 ავტობუსი

119 მარშრუტის ავტობუსი ერთმანეთს აკავშირებს პრაღის, ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტს და მეტროს მწვანე ხაზსს. 1-2 წლის წინ მწვანე ხაზის რამდენიმე ახალი სადგურის გახსნის შემდეგ 119-ის მარშრუტის მანძილი საგრძნობლად შემცირდა და მგზავრობის ხანგრძლივობა 20 წუთს შეადგენს. ხოლო მწვანე ხაზი საუკეთესო საშუალებაა ქალაქის ცენტრამდე სწრაფად მისასვლელად. მეტროს სადგურები ცენტრში: სტარომესტკა, მუსტეკი და მუზეუმი.

119 ავტობუსი მუშაობას იწყებს დილის 5 საათზე და ყოველ 10 წუთში გადის აეროპორტიდან მეტროს სადგურის Nádraží Veleslavín-ის (ნადრაჟი ველოსლავინი) მიმართულებით და პირიქით. ამ მარშრუტის ავტობუსი მუშაობას ასრულებს ღამის პირველის ნახევარზე.

პრაღის მეტროს რუკის ფრაგმენტი, რომლის მარცხენა მხარეს თვითმფრინავის სიმბოლოებით არის აღნიშნული ის მეტროს სადგურები, რომლებიც აეროპორტს ავტობუსებით უკავშირდება.

N 100 ავტობუსი

როგორც რუკაზე ჩანს 100 მარშრუტის ავტობუსი უკავშირდება მეტროს ყვითელ ხაზის ბოლო სადგურს Zličín (ზლიჩინი). ისც მუშაობას იწყებს დილის 5 საატძე და უფრო ხანგრძლივი ინტერვალით კურსირებს. ეს ავტობუსი მუშაობას ასრულებს ღამის 12-ის ნახევარზე. აეროპორტიდან მეტრომდე მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 16 წუთს და ეს მიმართულება გამოადგება იმ ტურისტებს, რომელთა საცხოვრებელი განლაგებულია, ასევე ცენტრალური მეტროს სადგურების მიმდებარედ: ანდელი, კარლოვო ნამესტი, ნაროდნი ტრიდა, მუსტეკი, ნამესტი რესპუბლიკი და ფლორენცი. პრაღის ავტობუსებში ყველა გაჩერების სახელწოდება შეგიძლიათ იხილოთ მონიტორზე და ასევე მათ დასახელებებს დიქტორიც აცხადებს.

აეროპორტის რომელიმე ავტობუსით სარგებლობის შემთხვევაში ბილეთი დაარეგისტრირეთ შესვლისთანავე, შეინახავთ მისი ვადის ამოწურვამდე და მეტროში გადაჯდომისას აღარ დაგჭირდებათ არც ბილეთის ხელახლა შეძენა და არც რეგისტრაცია, თავისუფლად გაივლით მეტროში შესასვლელ სივრცეს.

ღამის ავტობუსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პრაღის სატრანსპორტო კომპანიის საიტზე: http://www.dpp.cz/en/night-operation/

მეტრო

პრაღის მეტროს A და B ხაზის ვაგონები ერთი შეხედვით ჰგავს თბილისის მეტროს მატარებლებს, თუმცა პირიქით, თბილისის ვაგონები მიამსგავსეს პრაღის მეტროს მოდერნიზებულ შემადგენლობებს, რომლებიც თბილისური ანალოგებისგან მაღალი კომფორტით გამოირჩევა. მეტროს C ხაზზე კი “სიმენსის” მატარებლები ოპერირებენ.

პრაღის მეტროს მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ, ისევე როგორც ტრამვაი და ავტობუსები. ამიტომ შესაძლებელია ქალაქში გადაადგილების ზუსტად დაგეგმვა და დროის ოპტიმალურად განაწილება. ამ საქმეში კი დაგეხმარებათ  საიტი: https://jizdnirady.idnes.cz/praha/spojeni/

მეტროს რუკა:

ტრამვაი

მეტროს გარდა აეროპორტის ავტობუსიდან შეგიძლიათ გადაჯდეთ ტრამვაიში. 119 ნომერი ავტობუსი სანამ სადგურ ნადრაჟი ველოსლავინამდე მივა, ტრამვაის რამდენიმე გაჩერებას გაივლის, მათ შორის პირველია Divoká Šárka (დივოკა შარკა). აქედან დადის ტრამვაი ნომერი 26 და 91.

ტრამვაის რელსებით დაქსაქსული მთელი პრაღა და ის ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. პრაღაში ტრამვაი მუშაობს 24 საათის მანძილზე. ძველი ტრამვაი “ტატრა” პრაღის სიმბოლოსაც კი წარმოადგენს.

ტრამვაის მარშრუტის ნომრები და მოძრაობის განრიგი გამოკრულია ყველა გაჩერებაზე. ღამის ტრამვაის მარშრუტის ნომრები გამოსახულია შავ ფონზე რაც დღის და ღამის მარშრუტების გარჩევას გაგიადვილებთ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბილეთი არ გაქვთ მის შეძენას ტრამვაის ან ავტობუსის ყველა გაჩერებაზე ვერ მოახერხებთ, რადგან ავტომატები გაჩერებების მხოლოდ მცირე ნაწილზე დგას. ბილეთები უნდა შეიძინოთ მეტროს შესასვლელებში, ან სიგარეტის და პრესის ჯიხურებში. ასევე, მოქმედებს SMS ბილეთების სისტემა, მაგრამ ახლადჩასულისთვის უფრო მოსახერხებელია ბილეთის ავტომატიდან შეძენა. სამაგიეროდ თითქმის ყველა გაჩერებაზე იხილავთ დიდი ზომის პრაღის რუკას, რაც ორიენტირებაში დაგეხმარებთ.

სხვა ტრანსპორტი

ერთიანი სატრანსპორტო ბილეთი მოქმედებს ფუნიკულიორზეც, რომელიც პეტრინის კოშკთან აგიყვანთ.

და კიდევ, ერთიანი სატრანსპორტო ბილეთით შეგიძლიათ იმგზავროთ კოლორიტული მდინარის ტრანსპორტით.

ამ ტრანსპორტის მარშრუტები და ასევე სხვა კომერციული ტურები შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებსაიტზე: www.prazskebenatky.cz

პრაღაში მოგზაურობის მსურველებს დაგჭირდებათ არა მარტო იაფი ტრანსპორტი, არამედ იაფი საცხოვრებელიც. მე როგორც ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ აპარტამენტებს Airbnb-დან. თუ ამ სისტემის წევრი ჯერ არ ხართ და ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით თქვენ მიიღებთ 35 ევროს ფასდაკლებას.

ხოლო თუ კლასკური სასტუმროების ან ჰოსტელების მოყვარული ბრძანდებით ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: hotelscombined.com

იაფი ავიაბილეთების მოძიება კი შეგიძლიათ kiwi.com-ის საძიებო ველის გამოყენებით

პრაღის ტრანსპორტი
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი