ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი – FlixBus
Rate this post

ფლიქსბასი  გვიან გავიცანი, მხოლოდ ამ ერთი თვის წინ ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ. ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა. აქვე ავღნიშნავ, რომ ლეოექსპრესი და ფლიქსბასი მთელ რიგ მიმართულებაზე თანამშრომლობენ და კომბინირებულ რეისებსაც ასრულებენ.

მოკლედ, ჩემი პირველი ნაცნობობა ფლიქსბასთან მილანის Lampugnano-ოს ავტოსადგურში შედგა საიდანაც ეს კომპანია უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო რეისს ასრულებს.

ზედა ფოტოებზე აღბეჭდილია მილანი-რომის ორსართულიანი ავტობუსი, ჩემი ავტობუსის გადაღება ვერ მოვასწარი, კარგი ადგილების დაკავებაზე ვზრუნავდი 🙂 ორსართულიან ავტობუსს ერთი მცირე ნაკლი აქვს, ზედა სართული დაბალჭერიანია და სალონში სივრცეც ნაკლებია. აი ერთსართულიანი ავტობუსი კი, როგორიც იყო ჩემი, მილანი-ვენეციის ავტობუსი, უფრო კომფორტულია მეტი სივრცის გამო.

ავტობუსის ფანჯრიდან 🙂

ჩემთვის კომფორტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სავარძლებს შორის მანძილია, რასაც ფლიქსბასს ნამდვილად ვერ დავუწუნებ.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსში არის 30 წუთიანი უფასო ინტერნეტი და 220 ვოლტიანი შტეფსელები ლეპტოპებისა და მობილურების დასატენად.

მილანიდან ვენეციაში 3:30 საათიანი მგზავრობამ უსაფრთხოდ და მშვიდად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით ერთ მკვეთრ დამუხრუჭებას ფასიანი გზის შლაგბაუმთან, რომელიც ავტომატურად არ გაიხსნა.

და ბოლოს, ავტობუსი დანიშნულების ადგილზე, ვენეციაში, მესტრეს რკინიგზის სადგურთან ზუსტად გრაფიკის მიხედვით ჩავიდა, სადაც მას უკვე ელოდნენ ზაგრების მიმართულებით მიმავალი მგზავრები.

მოკლედ, ფლიქსბასის ქსელი მთელს ევროპას მოედო და საუკეთესო საშუალებად იქცა ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

მსგავსი თემები

კომენტარი