ევროპული განათლება თბილისურ ფასად

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის ძვირი და რთული. მთავარია მონდომება, ინგლისურის ცოდნა და თუ უფასოდ არა თბილისის საშუალო უნივერსიტეტის ფასად მაინც შეძლებთ ევროპული განათლების მიღებას, მაგალითად კრაკოვში. კრაკოვი გარდა იმისა, რომ პოლონეთის სამეფო დედაქალაქად იწოდება საუნივერსიტეტო-სტუდენტური ქალაქიცაა. ამ სტატუსის მთავარი მიზეზია “იაგელონის უნივერსიტეტი”. ის ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. უნივერსიტეტის დაარსების სიგელი 1364 წელს გამოსცა მეფე კაზიმირ III დიდებულმა.

რამდენიმე წლის წინ კრაკოვში 4 დღით დარჩენა გადავწყვიტეთ და რა თქმა უნდა საცხოვრებლად ბინა შევარჩიეთ Airbnb-ზე. თუ როგორ ხდება ეს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

მოკლედ ბინა დავიქირავეთ კრაკოვის ისტორიული ცენტრის კარიბჭესთან, რკინიგზის ვაგზალთან ახლოს. მასპინძელ გოგონასთან, ალინასთან მიმოწერისას გაირკვა, რომ ის უკრაინიდანაა და კრაკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. შეხვედრისას კი გვიამბო, რომ კრაკოვში პოლიტოლოგიას ეუფლება და სასწავლო წლის მანძილზე მხოლოდ 800 ევროს გადახდა უწევს, ეს დაახლოებით 2200 ლარია (ალინას უნივერსიტეტის შესახებ ოდნავ ქვევით). ცნობისთვის ზუსტად ამდენია (2250 ლარი) წლიური გადასახადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვა უფრო პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი სწავლის საფასური გაცილებით მაღალია. ამ პოსტში განათლების ხარისხზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ უდავოა, რომ ევროპული უმაღლესი განათლება გაცილებით სასარგებლოა.

იაგელონის უნივერსიტეტი

“პოლონეთის ჰარვარდად” წოდებული “იაგელონის უნივერსიტეტი” პოლონეთში საუკეთესო, ხოლო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება. ყველაზე მოთხოვნადია სამედიცინო ფაკულტეტი. აქ სწავლა ერთი სემესტრი 1000 ევრო ღირს. საფასურთან ერთად საკმაოდ რთულია ჩაბარება, 1 ადგილზე 15 პრეტენდენტია. გაცილებით მარტივია სხვა სპეციალობებზე მოხვედრა და სწავლის საფასურიც ნაკლებია. მაგალითად იაპონური ენა, რომლის წლიური საფასურია 750-800 ევრო. პროფესიაც პერსპექტიულია და დასაქმების პრობლემაც მოხსნილია, რადგან კრაკოვში ბევრი ცნობილი მსოფლიო კომპანიის ფილიალია გახსნილი. მათ შორის არის “გუგლი”.

უნივერსიტეტში სწავლა ძირითადად პოლონურ ენაზეა, მაგრამ სპეციალობების საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, რომელიც ინგლისურ, გერმანულ რუსულ და უკრაინულ ენებზეა. ინგლისურის მცოდნეთათვის დიდი ყურადღება ეთმობა “ევროპეისტიკას”, საერთაშორისო ურთიერთობებს და ბიზნეს სპეციალობებს.

უნივერსიტეტის ისტორიულ კორპუსებში მოწყობილია სხვადასხვა თემატური მუზეუმები, ეზო კი ფიზიკის ლაბორატორიას წააგავს, აქ ცდების ჩატარება ყველა მსურველს შუეუძლია.

“იაგელონის უნივერსიტეტში” მოსახვედრად საჭიროა სტანდარტული ცნობები და უნივერსიტეტის ვებსაიტზე სპეციალური ფორმა-ანკეტის შევსება, შემდეგ უნდა დაელოდოთ შედეგებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებსაიტზე: www.en.uj.edu.pl

კიდევ ერთი უნივერსიტეტი, სადაც სწავლა 1200 ევრომდე დაგიჯდებათ – კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი

ბუნებრივია აქ ეკონომიკური ხასიათის პროფესიებს ეუფლებიან, მათ შორის არის MBA (Master of Business Administration) და MPA (Master of Public Administration). უნივერსიტეტის ისტორია 1925 წლიდან იწყება და ის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება პოლონეთში. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე: uek.krakow.pl

და ბოლოს უნივერსიტეტი სადაც ჩვენი ნაცნობი მასპინძელი ალინა სწავლობდა – Krakowska Akademia im Andrzeja Frycza Modrzewskiego – www.ka.edu.pl

ამ უნივერსიტეტში ყველა პირობა არის შექმნილი უცხოელი სტუდენტებისთვის, სწავლაც იაფია, დაახლოებით 800 ევრო და სწავლის დონეც მაღალია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით. სასწავლებელს აქვს ხარისხიანი სტუდენტური საცხოვრებლები და სპორტული კომპლექსები, ის რაც საჭიროა ხარისხიანი სტუდენტური ცხოვრებისთვის.

რაც მთავარია ამ უნივერსიტეტებში სწავლა ახალგაზრდას კარს უხსნის და საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მაღალი დონის ევროპული განათლება მიიღონ.

მსგავსი თემები

კომენტარი