ჩემი პოსტი კვიპროსის „მაგინებელთ“

ბევრი პოსტია კვიპროსზე, ბევრიც წამიკითხავს, რატომღაც სულ ნეგატიური  და უარყოფითი უფრო მხვდება და სრულიად დაუმსახურებლად. ხოდა, ჩემებურ „მონოლოგსაც“ დავწერ.

კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუა ზღვის აუზში, სადაც წელიწადის 365 დღიდან თითქმის სულ მზე ანათებს, ნებისმიერი მოგზაურისთვის ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება.

სრულიად სპონტანურად დავგეგმე კვიპროსზე გამგზავრება, ჩემი დაბადების დღის საჩუქარი „რაჭულად“, მაგრამ მაინც შედგა. მინდოდა დამემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ „არასეზონზე“  სრულიად გამართლებული და შესაძლებელია მოგზაურობა სანახავიც და გასაკეთებელიც საკმაოდ ბევრია კუნძულზე – გააჩნია რა ტიპის მოგზაური ხარ და რას ელი თითოეული მოგზაურობიდან. თან ზამთრის თვეები ფლამინგოების ნავსაყუდელია კვიპროსის მლაშე ტბებში, ხოდა თუ „მიზეზი“ გინდა სამოგზაუროდ, ესეც სრულიად საკმარისია 30 ევროდ ნაყიდი ბილეთები, ქაუჩსერფინგზე მოძებნილი ჰოსტი (რომელიც უკარგესი ადამიანი აღმოჩნდა), (ან Airbnb-ის იაფიან საცხოვრებელს გირჩევთ), ცოტაოდენი სახარჯო ფული და სრული სვლით გავემართე მორიგი კუნძულის „აღმოსაჩენად„

20-23 იანვარი – ეს იყო ჩემი იქ ყოფნის პერიოდი, რეალურად კვიპროსზე 2 დღენახევარი ხარ, რადგან დღის 1 საათზე ჩადიხარ (ადგილობრივი დროით) და უკან შუადღეს მოფრინავ, ამიტომ თუ თქვენც 4 დღით გადაწყვეტთ სტუმრობას, სწორად დაგეგმეთ თქვენი იქაური მარშუტი. (დროში განსხვავება – 2 საათი).

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ – მარცხენა მხარეს მოძრაობაა; შემდეგ – დიდი დოზით რუსულენოვანი მოსახლეობაც და ტურისტიც; და უჩვეულოდ მზიანი ამინდები ზამთრის კვალობაზე.

ჩასვლის დღეს – ლარნაკა, შემდეგი – ნიქოზია და აია ნაპა. მესამე დღე – პაფოსი-კატო პაფოსის არქეოლოგიური პარკი და აფროდიტეს დაბადების ადგილი – ეს იყო ჩემი გეგმა, რომელიც განხორციელდა.

თითოეულ ქალაქში სანახავიც ბევრია, ანტიკური ბიზანტიური პერიოდის ძეგლები – განსაკუთრებით პაფოსი – უბრალოდ უნდა იცოდე რისი ნახავ გინდა  და სწორი აქცენტები გააკეთო, დროის მენეჯმენტი – ყველაზე მნიშვნელოვანია.

აეროპორტიდან ლარნაკამდე სულ 6 კმ, გზად ფლამინგოებით სავსე მარილის ტბებია (ფლამინგოების პერიოდი დეკემბრიდან მარტამდე არის), ეს გზა ფეხით გავაირე და საღამოს უკვე წმ. ლაზარეს ტაძარში ვიყავი. ეს მონასტერი ცნობილია იმით, რომ აქ ინახება ზარდახშაში წმ. ლაზარეს ნაწილები, აქვე მისი სარკოფაგი, რომლის ნახვის საშუალება ყველა ვიზიტორს აქვს.

მაკენზის და ფინიკუდესის სანაპიროები ერთმანეთზეა ფაქტიურად გადაბმული და მშვენიერი სასეირნო ადგილია, ვენეციური ფრთოსანი ლომის სკულპტურა არ გამოგრჩეთ.

აქვეა ცნობილი ocean buscket, რომლის სტუმრობის გარეშე არ დატოვოთ კუნძული. ყველა ქალაქშია ამ ქსელის რესტორანი, თუ ხართ თევზის და ზღვის პროდუქტების მოყვარული – უზარმაზრი პორცია და უგემრიელესი ზღვის ნობათია.

ნიქოზიას ნახვისას ბევრი ამბობს, რომ დროის კარგვაა, თუმცა მე ასე არ ვიტყოდი – ამჯერად მხოლოდ კვიპროსულ ნაწილს დავჯერდი – ძველი ქალაქი. დაქსელილი პატარ-პატარა ქუჩებით – 19 საუკუნის ბოლო -20 საუკუნის დასაწყისის უძველესი, ჯერ კიდევ სიცოცხლის უნარიანი სახლებით – კარის დეკორი აუცილებლად მოგაგონებთ მალტას (ვინც ყოფილხართ), ფამაგუსტას კარიბჭე, ომერიეს უძველესი მეჩეთი და ჰამამი,  არქიეპისკოპის ტაძარი, რომლის სანახავად მთელი ნახევარი ქალაქი გადავსერეთ უნიკალური ფრესკებია – თუ მოხვდებით ნიქოზიაში, აუცილებლად ნახეთ.

საერთოდ, კვირპოსზე ძალიან ბევრი ცნობილი მონასტერია: კიკოსის, წმ ნეოფიტის, სტავროვუნის, წმ ლაზარეს, ტროოდიტისა. უბრალოდ ყველას მონახულება ერთ ვიზიტში შეუძლებელია.

ნიქოზიიდან გეზი აია ნაპასკენ ავიღეთ, რომელიც ცნობილი და ხალხმრავალი ქალაქია, ყველაზე უსიცხოცხლო და მკვდარია არასეზონზე. თუ არ ჩავთვლით მცირერიცხოვან ტურისტებს. ყველაფერი დაკეტილი იყო, აია ნაპაში მონასტერი აია ნაპას წარწერა, სკულპტურების პარკი, კაპო გრეკო – კლდოვანი სანაპირო ბუნებრივი ქვის ხიდით, წმ. ანარგიროიას პატარა სამლოცველო, ლურჯი ლაგუნა და კონოსის სანაპირო –  და რათქმაუნდა ნისი ბიჩი – ესაა, რაც უნდა ნახოთ.

კაპო გრეკო ფეხით უნდა მოიაროთ – სხვა გზა არაა, ნისი ბიჩი მართლაც გამორჩეულია ზურმუხტისფერი ზღვით და საოცრად თეთრი ქვიშით.  პირადი რეკორდიც გავაუმჯობესე, მარტში ბარსელონაში ვიბანავე და ამჯერად იანვრის ხმელთაშუა ზღვაშიც ვინებივრე, ცივი იყო, თუმცა ნამდვილად ღირდა.

ქალაქი პაფოსი კვიპროსის უკიდურეს დასავლეთშია და იქ მოსახვერდად ავტობუსს დაახლოებით 3 საათი სჭირდება. გადაჯდომა ლიმასოლშია (პირადპირი ავტობუსი არ დადიოდა ალბათ არასეზონურობის გამო) თუმცაღა ინტერსითის ავტობუსების ბუკლეტში მითითებულია.

ლიმასოლში მხოლოდ გავლით ვიყავი, ამიტომ ამ ქალაქზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

პაფოსის ცენტრალური ავტოსადგური კარაველადან ფეხით დავეშვით კატო პაფოსისკენ (რაც ქვედა ქალაქს ნიშნავს), სადაც თავმოყრილია კვიპროსის ყველაზე მეტი ანტიკური და ბიზანტიური პერიოდის ძეგლი: წმ სოლომონის კატაკომბები, მეფეთა სამარხები კუნძულის მაცხოვრებლების მიწისქვეშა სამარხები; კატო პაფოსის არქეოლოგიური პარკი – მდიდრული ვილები უნიკალური მოზაიკებით, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ; აფროდიტეს დაბადების ადგილი – PETRATOU ROMIU – ადგილი, სადაც ზღვის ქაფიდან იშვა სილამაზის ქალღმერთი. არქეოლოგიური პარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და მის ნახვას გარკვეული დრო სჭირდება. (4,50 ევროა შესვლა) აფროდიტეს კონცხისკენ საქალაქო ავტობუსს გავყევით #631 ის ბოლო გაჩერებაა კატო პაფოსის bus stop იდან. სულ რაღაც 1,50 ევროდ იმგზავრებთ.

უკანა გზა ისევ კარაველას გაჩერება, ლიმასოლი და ბოლოს უკვე ლარნაკა იყო.

პრაქტიკული რჩევები

ტრანსპორტი:

აერპორტიდან ყველაზე მარტივ მარშუტს გადის #425 ავტობუსი – მაქსიმ 20-25 წთ სჭირდება და არა 1 საათი, როგორც საიტზეა მითიტებული. მაინც რომ იცოდეთ – 1,50 ევრო ერთი მგზავრობა. მთელი დღის ბილეთი 5 ევრო.

ქალაქებში მოძრაობს ნომრიანი ავტობუსები და ქალაქებს შორის ინტერსითის ავტობუსები (თუმცა აია ნაპადან ლარნაკამდე #711 ავტობუსი მიდის და სულ 1,50 ევროდ მგზავრობთ)

http://www.cyprusbybus.com/setups.aspx

http://www.intercity-buses.com/

ეს ბმულები დაგეხმარებათ დეტალურად ნახოთ მარშუტები, განრიგი და ფასები.

 

სასტუმრო-აპარტამენტები:

კვიპროსზე დასაბინავებლად ბიუჯეტური საცხოვრებლის მოსაძიებლად გამოიყენეთ Airbnb. თუ ჩემი ამ ბმულიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

ხოლო, თუ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით საუკეთესო ვარიანტების შერჩევა შეგილიათ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

 

კვება:

ყველა ქალაქში არის დიდი სუპერმარკეტი; მაგ: ლარნაკაში: METRO; ARGOTISLAND (სადაც ქართველი ბიჭი მუშაობს ); პაფოსში-PAPANTONIU – დიდი სუპერმარკეტებია; და უამრავი პატარა მარკეტია ასევე;

მაკდონალდსი, ბურგერ კინგი, – რაც მომხვდა თვალში.; ადგილობრივი რაც უნდა დააგემოვნოთ არის კვირპოსული ღვინო – კვიპროსული ყავა; ყველი “ჰალუმნი“ . და ზღვის პროდუქტი, რათქმაუნდა.

ფასები საკმაოდ მისაღები და ნორმალურია.

აუცილებალად (recommended) ესტუმრეთ „ocean bascket-ს, მართლა დიდი პორციაა, მართლა ძალიან გემრიელი და ძალიან ნორმალურ ფასად – ერთი პორცია კომბო „ფლეით“ კალმარებით, კრებვეტებით და სალათითი + აპეტაიზერი + კვიპროსული ყავა დესერტად = 13,50 ევრო. მერწმუნეთ ერთ საღაამოდ ნამდვილად ღირს.

 

მაღაზიები / სუვენირები:

პირადი ხარჯი თავად განსაზღვრეთ, თუ საშოპინგოთ ხართ, არ გაგიცრუვდებათ იმედი- ყველა ბრენდია ფაქტიურად (ლარნაკას მაგალითზე) – ბერშკა, ზარა, მანგო, მასიმო, და აშ. პაფოსში დიდი სავაჭრო ცენტრია – კინგ ავენიუ, ინფოსთვის რომ გქონდეთ (თბილისი მოლის ვარიანტი)

სუვენიერბის ფასი: მაგნიტები – იწყება 90 ცენტიდან დაა ზევით – ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანი შეძლებს რაიმე სამახსოვროს წამოღებას.

და რაც ყველაზე მთავარია; ნუ მიიღებთ ამა თუ იმ ნეგატიურ პოსტს ან კომენტარს, ანდაც პირიქით აუცილებელ დოგმად, რომ ეს ასეა. ყველაფერი არის ინდივიუალური და სუბიექტურად აღქმადი 🙂 მთავარ პრინციპს არასოდეს უღალატოთ: ისიამოვნეთ და დატკბით იმ რეალობით, რომელსაც ყოველი მომდევნო მოგზაურობა გთავაზობთ.  ყოველი წუთით ტკბობა – ესაა   ყველა ნამდვილი მოგზაურის „კოზირი“.

ეს ჩემი სუბიექტური და პირადი ემოციებით მიღებული შთაბეჭდილებაა  კვიპროსზე.  ერთი ნამდვილად ვიცი. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე კიდევ დავბრუნდები სიამოვნებით.

შემდეგ თავგადასავლამდე,
ტაშკა

ჩემი პოსტი კვიპროსის „მაგინებელთ“
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი