ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში
Rate this post

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში.

ამ ფოტოზე ხანში შესული, მუზეუმის ჰალსტუხიანი თანამშრომელი თვალს ვერ აშორებს მის წინ მდგარ ლეგენდებს, რომელთა ცენტრშია Bugatti 51.

1931 წელს შექმნილი ბუგატი აღჭურვილია 160 ცხენის ძალის 2.3 ლიტრიანი ძრავით. მის ანგარიშზეა გამარჯვება საფრანგეთის გრან-პრის რბოლებში 1931 წელს.

ბუგატის გვერდს უმშვენებს 1938-1939 წლების Mercedes Benz W154. თავისი დროის საუკეთესო სპორტული ავტომობილი, მუზეუმში წარმოდგენილია ორიგინალური ფორმით, აღდგენისა და რეკონსტრუქციის გარეშე.

კიდევ ერთი სპორტული ავტო – Wilkov 7/28 Sport

ახლა კი უფრო ადრეული ხანის ავტომობილები გადავათვალიეროთ. ესეც 1893 წლის ბენცი – Benz Viktoria

შემდეგია ჩეხეთში 1898 წელს დამზადებული ავტომობილი NW Präsident

იმავე ეპოქის შვილები:

უცნაური კონსტრუქციის, 1912 წლის Bedelia BD2

თითმის საუკუნოვანი ბენცი და აუდი ძალიან წააგავს ერთმანეთს.

მათზე ოდნავ ახალგაზრდა, მერსედეს-ბენცი – 1936 წლის მოდელი Mercedes-Benz 540 K. მისი მოდერნიზება მოხდა 1942 წელს და მაღალი რანგის გერმანელი ჩინოვნიკების უსაფრთხოებისთვის ტყვიაგაუმტარი ჯავშნით აღიჭურვა. პრაღის მუზეუმში დაცული ექსპონატი გამოშვებულია 1943 წელს და ის ეკუთვნოდა ჩეხეთში და მორავიაში გერმანიის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს კარლ ჰერმან ფრანკს, რომელიც 1945 წლის მაისში გაიქცა პრაღიდან, მოგვიანებით დააკავეს და გასამართლების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ავტომობილი ულამაზესია, იმის და მიუხედავად თუ ვის ემსახურებოდა 75 წლის წინ.

გერმანული ავტომობილებიდან ჩეხურ მანქანებზე გადავინაცვლოთ. საუკუნის წინ ჩეხეთის ტექნიკური და საინჟინრო მიღწევები არაფერით ჩამოუვარდებოდა ევროპის განვითარებული ქვეყნებისას. ამაზე მეტყველებს დიზაინითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეული ავტომობილების მრავალფეროვანი წარმოება.

ყველა ექსპონატის ამ ერთ პოსტში მოთავსება ძალიან რთულია, მაგრამ არ მინდა რამდენიმე განსაკუთრებული ავტომობილი გამოვტოვო. მათ შორის გამორჩეულია 1932 – 1938 წლების ჩეხური წარმომადგენლობითი ავტომობილი “ტატრა” – Tatra 80

1935 წლის “იავა”. JAWA 750 – ჩვენში ცნობილი მოტოციკლეტების მწარმოებლისგან.

ასევე ყურადღებას იქცევს განსხვავებული დიზაინის მქონე “ტატრა”, რომელსაც ძრავი მოთავსებული აქვს ავტომობილის უკანა ნაწილში. თუ დააკვირდებით ამ ორ მსგავს მოდელებს საჭე სხვადასხვა მხარეს აქვს. საქმე იმაშია, რომ ჰიტლერის მიერ ჩეხეთის ოკუპაციამდე, 1939 წლამდე ჩეხეთში მარხენა მოძრაობა იყო, შესაბამისად მანქანებს საჭე მარჯვნივ ჰქონდათ. ხოლო ოკუპაციის შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. 1937 წლის Tatra 77a და 1947 წლის Tatra 87

კიდევ რამდენიმე ტატრა, მათ შორის სარკინიგზო.

საპრეზიდენტო ტატრა, 1997 წელი – Tatra 700

სამწუხაროდ მუზეუმში ვერ ვიპოვე “შკოდას” მოდელები ერთის, საპრეზიდენტო Skoda Superb-ის გარდა. თუმცა კოლექცია იმდენად მრავლფეროვანია, რომ მისი მონახულება ერთი სიამოვნებაა. ამ სიამოვნების მიღება კი შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: National Technical MuseumKostelní 42, 170 78 Prague 7, Czech Republic

National Technical MuseumKostelní 42, 170 78 Prague 7, Czech Republic

მუზეუმის მოტო, აერო და ფოტო ექსპოზიციების შესახებ შემდეგ პოსტებში.

ვინც პრაღაში მოგზაურობას აპირებს, გირჩევთ სასტუმროს ან ჰოსტელის მოსაძებნად და მათ შორის საუკეთესო ფასის ასარჩევად გამოიყენეთ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com

ხოლო, თუ Airbnb-ის მეშვეობით გააკეთებთ შეკვეთას გირჩევთ მანამდე ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდით და 35 ევროან ბონუსსაც მიიღებთ.

მსგავსი თემები

კომენტარი