ბოტასი და ”ბოტასი”

ბოტასი და ”ბოტასი”
Rate this post

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?

სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ რაც ბატიას ოჯახი აშშ გაიქცა, რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატა”-სთან თანამშრომლობდნენ გადაწყვიტეს საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნეს ფირმა ”ბოტასი”. თავდაპირველად მათ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის შეკერვა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ კონკურენციამ ფირმა ”ბოტასი” აიძულა საკუთარი ნიშა მოეძებნა და 1950 წლიდან ფაბრიკამ სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით ე.წ. ”ვარშავის პაქტის” ქვეყნები, პირველ ყოვლისა კი საბჭოთა კავშირი, ”ბოტასის” პროდუქციის მთავარ ბაზრებად იქცნენ. ”ბოტასი” ამ ქვეყნებში ყიდდა როგორც პროფესიონალური დანიშნულების სპორტულ ფეხსაცმელს (მოციგურავეთათვის, ჰოკეისთათვის, მოთხილამურეთათვის), ასევე პროდუქციას მოყვარულთათვის – საყოველთაოდ ცნობილ და პოპულარულ ბოტასებს. ლიცენზიური ”ადიდასის” გამოჩენამდე საბჭოთა კავშირში ”ბოტასის” ბოტასები ყველაზე სანატრელ სპორტულ ფეხსაცმლად რჩებოდა. მათ საყიდლად მიდიოდნენ მოსკოვში, ყიდულობდნენ ”დახლსქვემოდან”, ”სპეკულიანტებთან”, ბათუმში – სოც-ქვეყნებიდან ჩამოსული მეზღვაურებისა და ტურისტებისგან…

botas.cz – ”ბოტასის” ფაბრიკა დღესაც არსებობს. მორავიის ქალაქ სკუტეჩში ახალი დანადგარებითა და ევროპისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმოვლილი მენეჯერების ხელმძღვანელობით, ”ბოტასი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ”ადიდასსა” და ”ნაიკს”.

რუსეთი კვლავ რჩება მათი ექსპორტის ძირითად ბაზრად, სადაც წელიწადში ”ბოტასი” 200’000 ცალ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის.

© Lord Vader – stylishblog.net

მსგავსი თემები

კომენტარი