ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო სულაც არ მდგომარეობს იმაში, რასაც ფართოდ იყენებენ ჩვენებური ტაქსისტები – გაზზე გადაყვანილი ძველი მეორადი ავტომობილი. არადა ბევრს სწორედ ასოციაცია უჩნდება გაზზე გადაყვანილ ტაქსთან, როდესაც ევროპაში 25 ლარად ფრენის შესახებ შეიტყობს ხოლმე. მაგრამ დაუჯერებელი არაფერია, არც ის, რომ 25 ლარად ფრენა შეიძლება და არც ის რომ თვითმფრინავები არც ძველია და არც გაზზე გადაყვანილი. შევეცდები დეტალურად განვიხილო რაში მდგომარეობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სიიაფის საიდუმლო.

მე ჯერჯერობით მხოლოდ ორი სხვადასხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით Wizz Air და Ryanair-ით ვიმგზავრე, მაგრამ მათი და სხვების, მაგალითად easyJet-ის სიიაფის მიზეზი თითქმის ერთნაირ ფორმულას ეფუძნება. ევროპაში ძირითადად სწორედ ეს 3 ავიაკომპანია ოპერირებს დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების ბაზარზე.

ამჟამად მთელს მსოფლიოში უამრავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, მაგრამ პირველად ამ ტიპის კომპანიებმა წარმატებას მიაღწიეს ევროპაში. ყველაფერი Ryanair-ის ბიზნეს სტრატეგიას უკავშირდება, რომელმაც საჭირო დროს სწორი ნაბიჯები გადადგა და სერიოზული თავსატკივარი გაუჩინა ძველ, ტრადიციულ ავიაკომპანიებს, ისეთებს როგორიც არის British Airways, Lufthansa და KLM.

ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთები ტრადიციულისგან 3-4-ჯერ იაფია და 2-3 საათიანი ფრენა ხშირად 10 ევროზე ნაკლები ღირს. როგორ ახერხებენ ამას? უბრალოდ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ყველა ძვირად ღირებულ მომსახურებას აიაფებენ.

1. ავიახომალდები

თვითმფრინავების იაფად შეძენა რეალურია და თანაც ახლების და არა “მეორადების” და “გაზზე გადაყვანილების”. Ryanair-მა ამისთვის ხელსაყრელი მომენტი შეარჩია, 2009 წელს მაშინ, როდესაც ავიაბაზარი კრიზისმა მოიცვა და ბევრი კომპანია გადარჩენისთვის იბრძოდა Ryanair-მა 151 ბოინგ-737 შეიძინა. შეკვეთის მოცულობისა და ბოინგის გაყიდვების სიმცირის გამო ხომალდები სტანდარტულზე გაცილებით იაფი დაჯდა.

Ryanair-ის ავიაპარკის საშუალო ასაკი 5.5 წელია, რაც ამ კომპანიას საწვავის ხარჯების დაზოგვის საშალებას აძლევს, რადგან, რაც უფრო ახალია ხომალდი, ის უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ანალოგიური ვითარებაა Wizz Air-ის ავიაპარკში და easyJet-ი კიდევ უფრო ახალ ხომალდებს ფლობს. შედარებისთვის, ცნობილი Lufthansa-ს ავიახომალდების საშუალო ასაკი 12 წელს აღემატება.

გარდა ამისა, Ryanair-ი ექსპლოატაციას უწევს მხოლოდ Boeing 737-ს, Wizz Air კი ძირითადად Airbus 320-ის თვითმფრინავებს იყენებს, იგივე მდგომარეობაა easyJet-ის პარკშიც. ეს იმისთვის კეთდება, რომ ავიაკომპანიამ თანამშრომლებს – ტექნიკურ პერსონალს, ხომალდის ეკიპაჟებს და პილოტებს უნდა შეასწავლოს მხოლოდ ერთი ტიპის თვითმფრინავთან მუშაობა. ეს კი შემსწავლელ კურსებს და ხომალდების მომსახურებას მნიშვნელოვნად აიაფებს.

ასევე, ბიუჯეტური ავიაკომპანიები უარს ამბობენ ფუფუნების საგნებზე. მაგალითად, რაინეარში, ისევე როგორც ვიზეარში სავარძლები ფიქსირებულია. ეს ამცირებს მათ საერთო ღირებულებას და მომსახურების ხარჯებს. პლუს, ეს იძლევა ბორტგამცილებლების დროის ეკონომიის საშუალებასაც, რადგან სავარძლებს არ აქვთ ჯიბეები და დრო არ იხარჯება მათ მოწესრიგებაზე. ასევე, არ აქვთ ბიზნესკლასი, რაც უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.

2. ბორტგამცილებლები (სტიუარდესები)

ბიუჯეტურ ავიაკომპანიებში ბორტგამცილებლები ახალბედანი და ძირითადად ახალგაზრდები არიან, შესაბამისად მათ არ აქვთ დიდი გამოცდილება, მართალია კარგად იცნობენ უსაფრთხოების წესებს, მაგრამ მგზავრებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი მათი ძლიერი მხარე არ არის.

ბორტგამცილებლებს ხშირად უწევთ რამდენიმე საქმის შეთავსება. მაგალითად, როდესაც ერთი ბილეთებს ამოწმებს, სხვები თვითმფრინავის სალონს ასუფთავებენ… ამგვარად კომპანია თავისუფლდება დამატებითი პერსონალის დაქირავების ხარჯებისგან. ამასთანავე სტიუარდერსების მოვალეობას წარმოადგენს სალონში ფასიანი საკვებისა და სასმელის ჩამოტარება-რეალიზება და “დუტიფრი” ვაჭრობის ორგანიზებაც. ამგვარი საქმიანობა კომპანიისთვის კარგი დამატებითი შემოსავალია. განსაკუთრებული ვაჭრობა მაქვს შემჩნეული “რაინეარის” ბორტებზე, ასორტიმენტიც მრავალფეროვანია და ეკიპაჯიც მონდომებული.

ტრადიციული ავიაკომპანიების თანამშრომლები გაერთიანებულნი არიან პროფკავშირებში, მათი ხელფასების შემცირება შეუძლებელია და არც თუ ისე იშვიათად აწყობენ გაფიცვებს სხვადასხვა მოთხოვნებითა და ულტიმატუმებით. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომანიები კი არ არიან ხელ-ფეხ შეკრული, მათ შეუძლიათ დაიქირაონ ნებისმიერი მსურველი და შეასწავლონ საავიაციო საქმე. ახლახანს “ვიზეარს” ჰქონდა გამოცხადებული ქართველი მსურველების მიღება ბორტგამცილებლების პოზიციებზე. შედეგად დაბალბიუჯეტიანების ეკიპაჟები არიან ახალგაზრდული, უფრო ენერგიულები და უფრო მოტივირებულებიც.

3. აეროპორტები

თქვენ ვერ ნახავთ “რაინეარს” ან “ვიზეარს” დიდ და ცნობილ აეროპორტებში, ისეთებში როგორიც არის “ჰიტროუ” ან “შარლ დე გოლი”. ესენი ძვირადღირებული აეროპორტებია, მათ შეუძლიათ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის თვითმფრინავების მიღება და იმისთვის, რომ დიდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ მოსაკრებლების მოცულობას ზრდიან, რაც დაბალბიუჯეტიანებისთვის არახელსაყრელია. ამიტომ იაფი ავიარეისების შესრულება მსხვილი ურბანული ცენტრების მოსაზღვრე მცირე ზომის, თავის დროზე თითქმის მიტოვებული აეროპორტებიდან ხორციელდება.

მაგალითად, პარიზის შემთხვევაში “რაინეარი” დაფრინავს პარიზიდან 100 კილომეტრით დაშორებული ბოვეს აეროპორტიდან. სწორედ ამ აეროპორტში დაეშვება ქუთაისის-პარიზის რეისები, რომელსაც “ვიზეარი” გაზაფხულიდან შეასრულებს. როგორ უნდა იმგზავროთ ქუთაისიდან ბოვეში და შემდეგ პარიზში აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში: ქუთაისი პარიზი (ბოვე).

უმრავლეს შემთხვევაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თითქმის ერთადერთი გადამზიდველია ასეთ აეროპორტებში, რაც მას დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს. კომპანია დიდი მგზავრთნაკადის მოზიდვის სანაცვლოდ მოითხოვს იაფ და ხელსაყრელ გადასახადებს და თუ აეროპორტი არ დაეთანხმება, ეს შეთავაზებაც უბრალოდ გაქრება (გახსოვთ ალბათ რაინეარის ქუთაისის აეროპორტში შემოუსვლელობის ამბავი).

თუ სასურველი ქალაქის მახლობლად არ არის პატარა აეროპორტი, მაშინ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ დიდ აეროპორტებს, მაგრამ ფრენებს ახორციელებენ იმ დროს, როდესაც აეროპორტი გადატვირთული არ არის და მომსახურების გადასახადიც დაბალია, მაგალითად ღამით.

4. რუტინა

დაბალბიუჯეტიანების ავიახომალდები უქმად თითქმის არასდროს დგანან. ისინი მთელი დღის მანძილზე დაფრინავენ და სხვადასხვა რეისებს ასრულებენ. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული “ვიზეარის” ერთი ხომალდი ამ ავიაკომპანიის დაახლოებით 7 მიმართულებას ემსახურება.

არამარტო “ვიზეარის”, სხვა მსგავსი ავიაკომპანიების ხომალდები აეროპორტებში დაახლოებით 30-45 წუთი დგანან რაც საკმარისია მგზავრების ჩამოსასვლელად და ახალი ნაკადის მისაღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავს სულ მოაქვს ფული და მგზავრები არ იხდიან ხომალდების მოცდენის საფასურს. ტრადიციული ავიაკომპანიების თვითმფრინავების პარკინგი, ეკიპაჟის სასტუმროში განთავსების ხარჯები და სხვა მგზავრთა ბილეთების საფასურში არის ასახული. ამიტომ დაბალბიუჯეტიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხომალდი რაც შეიძლება ნაკლებ დროს ატარებდეს მიწაზე და მეტს დაფრინავდეს.

ასევე, იაფი ბილეთების თვითმფრინავები არასდროს დგებიან აეროპორტის ტელესკოპურ ტრაპებთან, რადგან ესეც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ისინი იყენებენ ხომალდებზე მისადგმელ კიბეებს. თუ არ ვცდები “რაინეარის” თვითმფრინავებს წინა კარის კიბეც კი საკუთარი აქვს, ხომალდიდან იშლება.

5. ტრანზიტი

ტრადიციულ ავიაკომპანიებს ტრადიციისამებრ აქვთ ტრანზიტული მიმართულებები და ბილეთები. მაგალითად, მე თუ მივფრინავ თბილისიდან კრაკოვში, Lufthansa შემომთავზებს ტრანზიტულ რეისს მიუნხენის გავლით. ვიზეარის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. იაფფასიანი ავიაკომპანიები დაფრინავენ ერთი წერტილიდან მეორეში. მაგალითად ქუთაისიდან კატოვიცეში, რომელიც კრაკოვიდან 1.5 საათის სავალზეა.

ხშირად იაფი რეისები ერთმანეთს არ ემთხვევა რაც ტრანზიტად მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

თუმცა გაჩნდა ვებსაიტი, რომელიც რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანიის რეისებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ სისტემის მუშაობა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში: იაფი ავიაბილეთები. აღსანიშნავია, რომ ასეთი მარშრუტების შედგენისას რომელიმე თვითმფრინავის დაგვიანების ან რეისის გადადების შემთხვევაში, მთელი მარშრუტი ინგრევა და მგზავრის ზარალიც გარდაუვალია.

ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის ტრანზიტული რეისების ორგანიზება, ანუ გადაჯდომით ფრენა არ არის მომგებიანი. რადგან ტრანზიტის განხორციელების შემთხვევაში საჭირო ხდება ბარგის დახარისხება-გადანაწილება, ბილეთების უფრო რთული სისტემის დანერგვა და პერერეგისტრაცია თუ მგზავრმა დააგვიანა მომდევნო, გადასაჯდომ რეისზე.

ასევე კარგად არის ცნობილი დაბალბიუჯეტიანების ბარგის პოლიტიკა, როდესაც ბილეთის ღირებულებაში მხოლოდ ხელბარგი, ზურგჩანთა ან მცირე ჩემოდანი შედის. ჩასაბარებელ ბარგს ცალკე ფასი აქვს.

ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით სულ უფრო ძნელია აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წარმომადგენლების პოვნა. ყველაფერი თანდათან სულ უფრო ავტომატიზირებული ხდება.

6. მოგება

ასეთი ეკონომიის პირობებში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსავლების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე ტრადიციულებისა. სტატისტიკური სურათი დაახლოებით ასე გამოიყურება.

ტრადიციულებს ძალიან უჭირთ განვითარება, რადგან მათი ახალი რეისები უნდა ეფუძნებოდეს ბიზნესმოგზაურთა რეალურ მზარდ მოთხოვნას, ხოლო დაბალბიუჯეტიანებს შეუძლიათ ნებისმიერ მიმართულების რეისის დანიშვნა, რადგან მათი ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები, რომლებისთვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს მიმართულებას, მთავარია ის იაფი მოგზაურობის საშუალებას იძლეოდეს.

შესაბამისად, სულ უფრო იზრდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების წილი ბაზარზე და სულ უფრო ფართოვდება საქართველოდან უცხოეთში იაფად მოგზაურობის არეალი, ჩვენც ეს გვინდა 🙂

იაფი და სტანდარტული ავიაბილეთების შეძენაში დაგეხმარებათ შემდეგი საძიებელი ველი:

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო
4.1 (82.86%)

მსგავსი თემები

კომენტარი