10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით
Rate this post

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე.

მეთოდი 1

ვისაც ბიზნეს ან პირველი კლასის ბილეთის საფასურის გადახდა არ შეუძლია (მე არასდროს მიმგზავრია ამ კლასით) და არც 25 ლარი ემეტება თბილისიდან ბათუმში ეკონომკლასით ჩასასვლელად შეუძლია მატარებლით 10 ლარად იმგზავროს.

ევროპაში ბიუჯეტური მოგზაურობისას არასდროს ვთაკილობ გადაჯდომით მგზავრობას. ამის მაგალითად გამოდგება ის თუ როგორ მოვხვდი ლვოვში. ან კიდევ გზა პრაღამდე და უკან. ეს კეთდება სამგზავრო ხარჯების მინიმიზირებისთვის და საბოლოო მიზნის მისაღწევად, მოხვდე იქ სადაც პირდაპირი რეისით სიძვირის გამო ვერ მოხვდები. ასეა ბათუმის შემთხვევაშიც.

იაფი გზა, ანუ როგორ მოხვდეთ თბილისიდან ბათუმში 10 ლარად.

გზა თბილისის რკინიგზის სადგურიდან იწყება.

ვაგზლის სალაროში ან ინტერნეტის მეშვეობით უნდა შეიძინოთ ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი ქუთაისის მიმართულებით, რომელიც 8 ლარი ღირს.  მატარებელი თბილისი-ქუთაისი ყოველდღე, დილის 9 საათზე გადის. ქუთაისში მატარებელი 14:30 წუთზეა.

ქუთაისიდან ბათუმისკენ ელექტრომატარებელი (“ელექტრიჩკა”) 17:00 საათზე გადის. ბილეთის შეძენა ქუთაისის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურზე შეგიძლიათ 2 ლარად.  შუალედი, რომელიც ბათუმის მატარებლის გასვლამდე გექნებათ, შეგიძლიათ ქუთაისის დასათვალიერებლად გამოიყენოთ. მატარებელი, რომელიც ქუთაისიდან 17:00 საათზე გადის ბათუმში 21:00 საათზე ჩადის.

ბათუმიდან თბილისში დაბრუნების მარშრუტიც იგივეა. “ელექტრიჩკა” ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველდღე, 08:25 საათზე გადის და ქუთაისში დაახლოებით 12 საათზე ჩადის. ქუთაისი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელიც ყოველდღე 12:15 საათზე გადის ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან და 17:15 საათზე მატარებელი თბილისში ჩამოდის. ამ მარშრუტით მგზავრობის ხანგრძლივობდა დაახლოებით 9 საათია.

მეთოდი 2

თბილისში ოზურგეთის მატარებელზე უნდა შეიძინოთ ბილეთი თბილისი-ურეკი. 8.5 ლარიანი ბილეთით თქვენ შეძლებთ თბილისიდან ღამით გახვიდეთ და ურეკში დილის 5 საათზე იქნებით. თუ ზღვაზე დასვენება გსურთ და არა მხოლოდ ბათუმში, შეგიძლიათ გზის გაგრძელებაზე არც იფიქროთ და ურეკში დარჩეთ.

ამავე მარშრუტის მეორე იაფიანი მატარებელი დილის 9 საათზე გადის და ურეკში 15:30-ზე იქნება. ბილეთის ღირებულება კი 10 ლარია.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, პირობითად მესამე. ბილეთს შეიძენთ იმავე მატარებელზე და ურეკის ნაცვლად ჩამოხვალთ ოზურგეთში, ხოლო აქედან 50 თეთრიანი ელექტრიჩკით ჩახვალთ ბათუმში.

ბათუმში ან მის შემოგარენში იაფი ჰოსტელის, სასტუმრო სახლის ან სასტუმროს მოსაძებნად გამოიყენეთ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ ბინების დაქირავებას ამჯობინებთ და “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

მსგავსი თემები

კომენტარი